ქრისტინე: ადამიანისათვის თვითრეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ სწორედ ამიტომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ, შემდეგ ვირჩევთ პროფესიას და რაღაც სფეროში ვსპეციალიზდებით, თუმცა შეიძლება ამ მიმართულებით სულაც არ დავსაქმდეთ. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ზოგადად სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია, მე კი ეს ძალიან მჭირდებოდა, ნამდვილად არ შემიძლია და არც მესმის იმ ადამიანების, მხოლოდ სახლის საქმეებით რომ არიან დაკავებულები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ნაკლებად დატვირთული არც მე ვარ. თეგეტაში თავიდანვე კონსულტანტად არ მოვსულვარ, თეგეტა აკადემიამ რომ გამოაცხადა მიღება, მაშინ გამოვაგზავნე მონაცემები. პარალეურად, რა თქმა უნდა, ვაკანსიებს ვათვალიერებდი და ვცდილობდი ჩემთვის შესაფერისი პოზიცია შემერჩია.
ამასობაში თეგეტა აკადემიიდან დამიბარეს ტესტირებაზე, არ დაგიმალავთ და მამრობითი სქესის წარმომადგენლები გვჭარბობდნენ გოგონებს, არც მიკვირს, მაინც საავტომობილო სფეროა. ჩემი შანსი იყო და უკან არ დავიხიე, რაც ვიცოდი იქ უნდა წარმომეჩინა. ტესტი დავწერე და დამშვიდებული წამოვედი, ნერვიულობას აზრი აღარ ჰქონდა. ცოტა ხანი აღარც ვაკანსიებს ვათვალიერებდი, მეიმედებოდა, რადგან ტესტირებაზე დამიბარეს, ალბათ მაქვს შანსი- მეთქი, ვფიქრობდი.
ასეც მოხდა ! რაღაც დროის შემდეგ გასაუბრებაზეც მიმიწვიეს. სასწავლო ჯგუფი რომ დაკომპლექტდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. დაწყებული არ მქონდა სწავლა, უკვე ვაცნობიერებდი, რამდენად რთული შეიძლებოდა ყოფილიყო. ინტერესი მქონდა ამ სფეროსადმი, მაგრამ სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდი და მართალიც აღმოვჩნდი. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ წარმატებით დამემთავრებინა კურსი. ასეთ რიტმში ორმა თვემ უჩვეულოდ შეუმჩნევლად ჩაირა.
ტრენერები ძალიან კარგები და პროფესიონალები აღმოჩდნენ. კურსელებიც სულ მამხნევებდნენ, ამიტომ არც მქონდა უფლება სისუსტე გამომეჩინა, ბოლომდე მივყევი და წარმატებამ არ დააყოვნა. როგორც კი დამთავრდა თეორიული კურსი, ჩვენ სერვისცენტრში გაგვანაწილეს ინტერესისა და ტრენერების რეკომენდაციის მიხედვით. კონსულტანტის ამპლუაში პირველი დღეები ძალიან რთული გამოდგა. სწორედ მაშინ დაემთხვა ჩემი ავად ყოფნა, მაგრამ არ მივეცი თავს უფლება შემმჩნეოდა. ეს დღეები ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, ახლა უკვე ძალიან მეამაყება, რომ ყველაფარი გამომივიდა.
ზოგიერთი მომხმარებელი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი- თითქოს რაღაც უნდა შემეშალოს. ამ სფეროში რეალურად იმდენი ცოდნა მომცა თეგეტა აკადემიამ, რა უნდა მკითხონ ისეთი, პასუხი რომ ვერ გავცე და ზოგადად, ვფიქრობ, კომპეტენტურობა ძალიან მიმზიდველია და მეც ვცდილობ მოვიხდინო.