Main Image

13

ივნ

თეგეტა აკადემიამ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც თეგეტა აკადემიამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება / გადამზადების პროგრამის შემუშავება თეგეტა აკადემიამ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის — დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი) ფარგლებში ხორციელდება.

"თეგეტა აკადემიისთვის პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. აკადემიამ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე გუნდი გადაამზადა, პროგრამები შეიმუშავა, სიმულატორი შეიძინა, სხვადასხვა დამსაქმებელთან პარტნიორობა განამტკიცა და 10 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა ყველაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გზაა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შესაბამის ცოდნას მისცემს და საჭირო უნარს გამოუმუშავებს, რათა ისინი კომპეტენტურ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროგრამაზე სწავლა ივლისში დაიწყება", — ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებლების კვლევა და გამოიკვეთა ბაზარზე არსებული საჭიროებები კვალიფიციური ოპერატორების კუთხით; კვლევის საფუძველზე კი შემუშავდა მომზადებისა და გადამზადების სამ-სამი პროგრამა ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორებისთვის.

თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. თეგეტა აკადემიის მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ.

"საქართველოში მართვის მოწმობა სპეცტექნიკის ოპერატორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გარეშე გაიცემა. სწორედ ამიტომ სპეცტექნიკის ოპერატორებს უწევთ, ისწავლონ მართვა რეალურ გარემოში, მუშაობის პარალელურად, რაც იწვევს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემას — დანახარჯების ზრდას, ტექნიკის დაზიანებას, სამუშაო პროცესის შეფერხებას. სიმულატორით სწავლება კი ახალი სიტყვა იქნება ბაზრისთვის. ის მოაგვარებს უამრავ პრობლემას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამ დროისთვის სიმულატორი მუშა მდგომარეობაშია, აკადემიის ტრენერებმა გადამზადება გაიარეს ფინელ პროფესიონალებთან და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ სიმულატორი და როგორ უზრუნველყონ სიმულაციური სავარჯიშოების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება", —გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიის კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

თეგეტა აკადემიაში მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება.