Main Image

1

ნოე

მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე „თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, დეივიდ ბლადმა და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ მოაწერეს.

192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემია“, თავის პარტნიორებთან - ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან’’ და ,,Tegeta Construction Equipment’’-თან ერთად, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს, რომელთათვისაც „თეგეტა აკადემია“ სიმულატორს შეიძენს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარია.

„ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოგვეცემა საშუალება, გადავამზადოთ მძიმე ტექნიკის ოპერატორები და მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება ბიზნესს შესაბამისი კადრების მომზადებაში, მეორე მხრივ კი შევძლებთ, ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ ეს პროფესია. „თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ, ამ საგანმანათლებლო პროექტის დახმარებით სფეროს განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ”, - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ოთარ სიხარულიძე.

პროგრამის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადებისა და გადამზადების სამ-სამ პროგრამას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის.

„თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრულყოფილი და სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნის მიღება. პროგრამა მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მისცემს შესაბამის ცოდნას და დაეხმარება კვალიფიციური უნარების გამომუშავებაში.

პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას“.