-(1).png)
1
авг
2024 წლის 25 ნოემბერს, თეგეტა აკადემიაში დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამა „მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი“, რომელიც წარმატებით განხორციელდა და 2025 წლის ივნისში დასრულდა. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას თეგეტა აკადემიასა და პარტნიორი კომპანიის „თეგეტა მოტორსის“ რეალურ სამუშაო გარემოში. პროფესიული მომზადების პროგრამა ნაწილობრივ დაფინანსდა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს და თეგეტა აკადემიის მიერ.
ხანგრძლივობა: 7 თვე
სასწავლო დატვირთვა: 28 კვირა
სწავლების ფორმატი: თეორიული + პრაქტიკული/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
სასწავლო სივრცე: თეგეტა აკადემიის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, თეგეტა მოტორსის რეალური სამუშაო გარემო
სასწავლო პროცესი წარიმართა ინტერაქციული ლექციებით, პრაქტიკული სწავლების მოდელით, თანამედროვე კომპიუტერული დიაგნოსტიკის სისტემებითა და სიმულაციური პლატფორმებით. განსაკუთრებული როლი ჰქონდა ELECTUDE-ის პლატფორმას, სადაც გამოყენებული იყო:
· თემატური სიმულაციები (Prius, VW)
· გეიმიფიკაცია და ვიზუალური ამოცანები
· ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მოდულები
· ყველა მსმენელი უზრუნველყოფილი იყო ქართულენოვანი ვერსიითა და პირადი სწავლების სივრცით.
პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, მსმენელებს მიეცათ შესაძლებლობა ემუშავათ შპს თეგეტა მოტორსის რეალურ სამუშაო გარემოში, ამ გამოცდილებამ გააძლიერა მათი პროფესიული უნარები და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა რეალურ სამუშაო პროცესში ინტეგრაციისკენ.
შედეგად, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
1. მსუბუქი ავტომობილის დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემის კლასიფიცირება
2. მსუბუქი ავტომობილის ტრანსმისიის კლასიფიცირება
3. მსუბუქი ავტომობილის შიდაწვის ძრავისა და ელექტრო ძრავის კლასიფიცირება
4. ზოგადი ელექტროტექნიკური გაზომვების განხორციელება
5. მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემა-მანუალების გარჩევა
6. მსუბუქი ავტომობილის შიდაწვის ძრავის ელ. დიაგნოსტიკა
7. მსუბუქი ავტომობილის დაკიდების საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ. დიაგნოსტიკა
8. მსუბუქი ავტომობილის უსაფრთხოების სისტემების ელ. დიაგნოსტიკა
9. მსუბუქი ავტომობილის გაშვება-დამუხტვის ელ. დიაგნოსტიკა
10. მსუბუქი ავტომობილის გათბობა-კონდიცირების სისტემის ელ.დიაგნოსტიკა
11. მსუბუქი ავტომობილის ელ. მართვის მოდულების პროგრამირება
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამამ სრულად მიაღწია დასახულ მიზნებს. კერძოდ, მსმენელებმა განივითარეს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კომპეტენციები, გაიღრმავეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, გაიზარდა მათი დასაქმების პოტენციალი. პარტნიორ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობამ კი პროფესიული მომზადების პროგრამა აქცია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ მოდელად.