Main Image

31

июл

2024 წლის 25 ნოემბრიდან 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით, თეგეტა აკადემიის ბათუმის ფილიალში განხორციელდა პროფესიული მომზადების პროგრამა „სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება“, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას თეგეტა აკადემიასა და პარტნიორი კომპანიის „თეგეტა მოტორსის“ რეალურ სამუშაო გარემოში. პროგრამა სრულად დაფინანსდა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს და თეგეტა აკადემიის მიერ.
 
პროგრამის ხანგრძლივობა: 28 კვირა
სასწავლო დატვირთვა: კვირეული დატვირთვა 20 საათი
სწავლების ფორმატი: თეორიული + პრაქტიკული სწავლება/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
სასწავლო სივრცე: თეგეტა აკადემიის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, თეგეტა მოტორსის რეალური სამუშაო გარემო
 
პროგრამა მოიცავდა ორ კომპონენტს:

  • თეორიული სწავლება (3 თვე) – თეგეტა აკადემიის სასწავლო სივრცეში
  • პრაქტიკული სწავლება (4 თვე) – თეგეტა აკადემიის და თეგეტა მოტორსის ბაზაზე

სასწავლო პროცესში გამოყენებული იყო ინტერაქციული ლექციები, დემონსტრაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და თანამედროვე სადიაგნოსტიკო ხელსაწყოები (მაგ. TEXA, ოსცილოგრაფი, მულტიმეტრი და სხვა). სწავლება ეყრდნობოდა თანამედროვე რესურსებსა და ტექნიკურ მოდელებს.
პროგრამის მიზანი იყო სატრანსპორტო სექტორისთვის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ფლობენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ უნარებს. მიზანი სრულად განხორციელდა – კურსდამთავრებულებმა შეიძინეს შემდეგი კომპეტენციები:

  1. აღწერენ სატვირთო ავტომობილის აგებულებასა და აგრეგატების მუშაობის პრინციპებს;
  2. იყენებენ ელექტრო და მექანიკურ სადიაგნოსტიკო მოწყობილობებს;
  3. განმარტავენ ძრავისა და საწვავის სისტემების ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;
  4. აღწერენ გამოსაბოლქვი სისტემისა და ტურბინის ელექტრონული კომპონენტების მუშაობას;
  5. განმარტავენ ამძრავის, დამმუხტავი მოწყობილობებისა და კონდიცირების სისტემების მუშაობას;
  6. სიღრმისეულად ფლობენ პნევმატური დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემების პრინციპებს;
  7. ახორციელებენ გადაცემათა კოლოფისა და რეტარდერის ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკას;
  8. იციან ელექტრო უბნის მუშაობის პრინციპი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა პრაქტიკაში.
 
პროგრამის დასრულების შემდგომ ყველა კურსდამთავრებულს გადაეცა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

აღნიშნული ცოდნა და უნარები ემსახურება კურსდამთავრებულთა პროფესიულ წინსვლას და შრომის ბაზარზე მათი წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობას.